თეგი: ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტრო „კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის“ პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით, „კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის“ შემუშავება-განხილვას საქართველოში არსებული საჯარო და საზოგადოებრივი სექტორთან თანამშრომლობით წარმატებით ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „გეგმის შემუშავება ევროკავშირის ენერგოდირექტივების საფუძველზე მიმდინარეობს. ამდენად, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება ჩართულია ამ სტრატეგიული დოკუმენტის განხილვის მთელ პროცესში, რათა ქვეყანამ წარმატებით განახორციელოს საკუთარი ენერგეტიკული სისტემის ევროპულთან ჰარმონიზაცია და ადგილობრივი ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირება, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის განვითარებასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვას, ასევე მიმართული იქნება გარე ენერგეტიკულ ბაზრებზე დამოკიდებულების შემცირებისა და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისკენ. ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად შემუშავდა ათი შეხვედრის თემატიკა. ესენია: 1. ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული გეგმის მიმოხილვა;2. მეთოდოლოგია 2030 წლის სამიზნე მაჩვენებლებისთვის ( პროგნოზების შემუშავების მეთოდოლოგია. მეთოდი, მოდელირების ჩარჩო, სცენარების განსაზღვრა. გასული ტენდენციების ანალიზი და საბაზისო წლის ინფორმაცია: მონაცემთა წყაროები, ტენდენციები და ძირითადი მიგნებები);3. TIMES-ის მოდელის შაბლონების აღწერა (მოდელის გასაზიარებლად შეთავაზებული იქნა NDA -გაუთქმელობის ხელშეკრულება). წარმოდგენილი იქნა ენერგეტიკის გენერაციის განვითარების სცენარები;4. ენერგოეფექტურობა;5. ენერგეტიკის სექტორის NECP სცენარების წინასწარი შედეგების პრეზენტაცია (ზემოქმედების მიმოხილვა, რომელიც ექნება თითოეულ პოლიტიკის სცენარს სათბურის გაზების, განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის კუთხით);6. დეკარბონიზაცია, სათბური გაზების ემისიები და განახლებადი ენერგიები;7. წყალსაცავიანი ჰესები;8. შეხვედრის თემაა: „ენერგეტიკული უსაფრთხოება“;9. შიდა ენერგეტიკული ბაზარი (ენერგიის გადაცემის ინფრასტრუქტურა, ბაზრის ინტეგრაცია, ენერგეტიკული სიღარიბე);10. კვლევა, ინოვაცია და კონკურენტუნარიანობა. დოკუმენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი შემუშავების პროცესში ჩართულია რამდენიმე ათეული სპეციალისტი, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში მოქმედ ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ორგანიზაციას გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით, აგრეთვე ყველა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს. აღნიშნული პროცესი თავიდანვე მოიცავდა ათი შეხვედრის გამართვას, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნებოდა სტრატეგიული დოკუმენტის ყოველი მიმართულება, მათ შორის, წყალსაცავიან ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებული საკითხებიც. ორგანიზატორების მიერ განხილვის პროცესში თავიდანვე მოწვეული იყო საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც „რიონის ხეობის მცველების“ სახელითაა ცნობილი. ისინი მხოლოდ რამდენიმე შეხვედრას დაესწრნენ და შემდეგ უარი თქვეს სტრატეგიული დოკუმენტით განსაზღვრული, მეტად აქტუალურ საკითხების განხილვაში მონაწილეობაზე. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფმა ასევე ცალმხრივად უარი თქვა მონაწილეობაზე მედიაციის პროცესში „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობდა და მასში ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე იყო წარმოდგენილი. „კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის“ საჯარო განხილვა საქართველოში პირველად ხორციელდება და ყველა დაინტერესებულ სპეციალისტს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს უშუალო მონაწილეობა ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაში.ვფიქრობთ, აღნიშნული განხილვა არის საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითი“, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

ეკონომიკის სამინისტრო ჯერ არ ასახელებს, თუ რომელ ინვესტორებს აინტერესებთ ანაკლიის პორტი

europetime-ს ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს, რომ ანაკლიის პორტით რამდენიმე ინვესტორი დაინტერესდა.   გამოცემამ ეკონომიკის სამინიტროს ამ საკითხზე რამდენიმე კითხვით მინისტრ ლევან დავითაშვილის მიერ გაკეთებული კომენტარის შემდეგ მიმართა. კერძოდ, ვინ არიან პოტენციური ინვესტორები, რომლებიც ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესდნენ?  ეკონომიკის სამინისტროში განგვიცხადეს, რომ ამ დროისთვის მეტ დეტალზე ვერ ილაპარაკებენ.  ეკონომიკის მინისტრმა დღეს „ქორთიარდ მერიოტში“ სავალუტო ფონდის შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასათან განაცხადა, რომ ანაკლიის პორტით რამდენიმე ინვესტორი დაინტერესდა. „ანაკლიის საკითხის მოგვარება რამდენიმე საკითხს მოიცავს, მათ შორის არის საარბიტრაჟო დავის მოგვარების საკითხი, რომელშიც ჩვენ ჩვენი პოზიცია წარმოვადგინეთ საკონსულტაციო იურიდიულ კომპანიასთან ერთად. საბოლოოდ ჩვენ ამ პროექტს განვახორციელებთ,”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა.  2022 წლის 1 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადგენს.  2021 წლის 6 ივლისს  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა Europetime-ს განიცხადა, რომ ანაკლიის პორტი ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.  2021 წლის 4 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს.  ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) და მისმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელის შეტანა 2020 წლის 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ტედ ჯონასმა და იურიდიული ფირმის, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთევან ქვარცხავამ დააანონსეს. 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ასევე წაიკითხეთ  ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა

ირაკლი ღარიბაშვილი: ორთაჭალაში აშენდება ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობა

ეკონომიკის სამინისტროს, მაგალითად, 7 წელია არ აქვს თავისი შენობა, რაც რა თქმა უნდა, სირცხვილია. გვაქვს უნიკალური ადგილი ორთაჭალაში, იქ აშენდება ეკონომიკის სამინისტრო, სადაც მთელი თავისი სსიპ-ებით, ყველაფრით განთავსდება თანამედროვე შენობაში, თანამედროვე სტანდარტების შენობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, აგრეთვე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობას. „საგარეო საქმეთა სამინისტროზე მინდა ვთქვა, ასევე დიდი გამოწვევა არის არსებული შენობის მდგრადობა და აუცილებელია რეაბილიტაციის დაწყება, წელსვე გვინდა, რომ ეს პროექტი დავიწყოთ, ამას ბატონი ილია განახორციელებს. ამის თაობაზე მინდოდა რამდენიმე სიტყვით მომეხსენებინა თქვენთვის. ჩვენ უდნა დავიწყოთ ძალიან აქტიური მუშაობა, გვჭირდება 24 -საათიანი მუშაობა, დასაქმდება ათასობით ადამიანი და სიკეთე შეეხება ასიათასობით ჩვენს თანამოქალაქეს, ყველაზე მეტად მახარებს ჩვენი განათლების პროექტი - 800 სკოლა უნდა იყოს ევროპული სტანდარტის მიხედვით აშენებული და რეაბილიტირებული. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, ბატონებო და ქალბატონებო, აქტიური მუშაობისკენ, ჩვენ ახლა გვჭირდება მაქსიმალური მობილიზება, იმისათვის, რომ ყველა ეს პროექტი, ამბიციური გეგმა ძალიან მოკლე ვადებში შევასრულოთ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ლევან დავითაშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველოსა და ყაზახეთს შორის გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა და სატრანზიტო ნაკადები

დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ოქტომბერში სამხედრო წვრთნას გამართავს თბილისში გამართული საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა ოქმზე ხელმოწერით დასრულდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. დოკუმენტში, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და  ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა ხელი მოაწერეს, განისაზღვრა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, კავშირგამბულობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინოვაციების და სხვა სექტორებში. ასევე ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმებს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის, აგრეთვე სპორტის სფეროებში ურთიერთობის გაღრმავების შესახებ. „კომისიის მუშაობა წარიმართა ძალიან წარმატებულად და რა თქმა უნდა, ის შეთანხმებები, რომლებიც გაფორმდა ორ მხარეს შორის, უნდა იყოს ეკონომიკური ურთიერთობების წამახალისებელი. ჩვენ მიზნად დავისახეთ საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა, ასევე განვიხილეთ კონკრეტული საკითხები, რომლებიც დაეხმარება სატრანზიტო ნაკადების გაზრდას ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ. საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატია ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც არაერთ საკითხზე ხდება გადაწყვეტილებების მიღება. კომისიის მომდევნო სხდომა ყაზახეთში გაიმართება.

კურორტების განვითარების სააგენტოს ალექსანდრე ონოფრიშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორად ალექსანდრე ონოფრიშვილი დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კურორტების განვითარების სააგენტო ავრცელებს. „სსიპ კურორტების განვითარების სააგენტო ბალნეოლოგიური კურორტების, ასევე მთის კურორტებისა და სხვა საკურორტო ადგილების განვითარება/ხელშეწყობის, ახალი, პოტენციური კურორტების კვლევა/შესწავლისა და შესაბამისი გენგეგმების მომზადების, ამ მიმართულებებით ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვის უზრუნველყოფისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განსახორციელებლად 2022 წელს შეიქმნა. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა, რასაც მოყვება შემოსავლების ზრდაც. თავის მხრივ, დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია კურორტების განვითარება, რომელიც აქტიურად იზიდავს ტურისტს. ქვეყანაში სამასამდე კურორტი და საკურორტო ადგილია, შესაბამისად, კურორტების განვითარებაზე ზრუნვა და ქვეყნის საკურორტო პოტენციალის სრულად ათვისება, საქართველოსთვის არის ეკონომიკის დამატებითი სტიმულაციის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ასევე, რომ საქართველოში საკურორტო ზონების განვითარება, მათი მდებარეობის გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე, დეცენტრალიზებულად განავითარებს არა მხოლოდ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრს, არამედ, მცირე ზომის დაბებსა და დასახლებებსაც, სადაც სხვა შემთხვევაში, განვითარების გარკვეული დონის მისაღწევად ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებითი საბიუჯეტო სახსრების მობილიზება ხდება საჭირო. რაც შეეხება სააგენტოს ახლად დანიშნულ დირექტორს – ალექსანდრე ონოფრიშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ და საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია კურორტების მართვის მიმართულებით. სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის გამგეობის წევრი, ტურიზმის დეპარტამენტის გიდების გადამზადების კოორდინატორი, საქართველოს მთასვლელთა ფედერაციის ქვეყნის შიდა და გარე სამთო ექსპედიციების ხელმძღვანელი, საქართველოს “Ski mountaineering” ფედერაციის პრეზიდენტი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ტურისტული კომპანია „ჯორჯიან ნატურალისტ თრეველერის“ დამფუძნებელი და პარტნიორი, თბილისის მერიის სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილე და ა.შ. როგორც ალექსანდრე ონოფრიშვილი აცხადებს, განსაკუთრებით აქტიური მუშაობა იქნება საჭირო ბალნეოლოგიური მიმართულებით, რადგან ქვეყნის სამასამდე საკურორტო ადგილიდან ნახევარზე მეტი სწორედ ბალნეო და ბალნეოკლიმატური ტიპისაა. მისი შეფასებით, საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია სპორტული და რეკრეაციული ტურიზმის განვითარების მიმართულებითაც, რადგან მათთვის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს სწორედ სამთო და ბალნეოლოგიური კურორტები წარმოადგენენ. „ყველამ, კარგად ვიცით თუ როგორ იმოქმედა კოვიდპანდემიამ მსოფლიოს ეკონომიკაზე. სტაგნაცია განსაკუთრებით ხელშესახები იყო ტურიზმის სფეროში. დღეს ქვეყანაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ამ სექტორის აღდგენის პროცესი. საქართველოს კურორტების განვითარება დამატებით სტიმულს მისცემს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო ტურისტის როგორც რაოდენობრივ, ასევე ხარისხობრივ ზრდას, რაც აქტიურად აისახება ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკაზე და, რა თქმა უნდა, ტურიზმის სფეროში დასაქმებული მოქალაქეების შემოსავლებზე“, – აცხადებს ონოფრიშვილი.  

ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს საჰაერო სივრცის უკანონო გამოყენებაზე, ცრუ და დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მედიაში, საქართველოს საჰაერო სივრცის უკანონო გამოყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.  „გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეულ მედია საშუალებებში გავრცელებულ დეზინფორმაციას საქართველოს საჰაერო ცის „უკანონო გამოყენების“ შესახებ, რომელიც დაუზუსტებელ და ცრუ ცნობებს ეყრდნობოდა. 4 სექტემბერს ირანულმა ავიაკომპანიამ “ირან ეარ კარგომ” ნამდვილად შეასრულა რეისი ერევანი - მოსკოვის მიმართულებით და საქართველოს საჰაერო სივრცეში აღნიშნულმა ხომალდმა სულ 10 წუთი დაჰყო, მაგრამ ეს “ირან ეარ კარგო” არ არის სანქცირებული და  რეგულარულად ასრულებს რეისებს როგორც თბილისის, ასევე ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით. ტენდენციური, დაუზუსტებელი და გამიზნულად ცრუ ცნობების გავრცელებით გამორჩეულ საინფორმაციო საშუალებებს  დეზინფორმაციის გავრცელებისა და  საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების რეპუტაციის შელახვის ნაცვლად, შეეძლოთ ამ ცნობების გადამოწმება და თავადაც ნახავდნენ, რომ ირანული ავიაკომპანია ხშირად ასრულებს რეგულარულ ფრენებს ევროპის მიმართულებით. გავრცელებული ცნობების სიყალბეზე ისიც მეტყველებს, რომ საქართველო და სომხეთი არიან ევროკონტროლის - ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები. როგორც ამ კონკრეტულ რეისზე, ისევე როგორც სხვა რეისებზე საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე ნებართვა ევროკონტროლმა გასცა. შედეგად, აღნიშნული რეისი შესრულდა საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, 4 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით მოსკოვში გაფრინდა. როგორც „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, „ირან ეარი“, რომელსაც ეს თვითმფრინავი ეკუთვნის, ამერიკის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიაა.  

ნიდერლანდების სამეფომ ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა

საქართველო და ნიდერნადების სამეფო მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების თაობაზე შეთანხმდნენ. შესაბამის მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დელეგაციის ნიდერლანდების ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.   ნიდერლანდების სამეფო წამყვანი საზღვაო სახელმწიფოა და ამ დროშით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფლოტი დაცურავს. მეზღვაურებს, რომელთაც სერტიფიკატები საქართველოში აქვთ აღებული, საშუალება ექნებათ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ფლოტში დასაქმდნენ. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკება მემორანდუმის გაფორმების თაობაზე ნიდერლანდურ მხარესთან რამდენიმე წელია, აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ქართველ მეზღვაურებს უკვე 73 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტში შეუძლიათ დასაქმება, რომელთა შორისაა ევროკავშირის წევრი 20 ქვეყანა.

რუსთავის „აზოტი“ გაიყიდა

რუსთავის აზოტოვანი სასუქების საწარმო გაიყიდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს, თუმცა გარიგების თანხას არ ასახელებს.   ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, რუსთავის „აზოტი“ კომპანია Indorama Corporation-მა იყიდა, რომელიც ქიმიური წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიაა. კომპანიის აქციათა 100% მისმა მესაკუთრე კომპანიამ – სს „ე უ ინვესთმენთსმა“ გაყიდა. სინგაპურის კომპანია მსოფლიოს 38 ქვეყანაში 160-ზე მეტ საწარმოს ფლობს და 45 000 ათასზე მეტა დამიანს ასაქმებს.  კომპანია აზოტისა და ფოსფატის სასუქების; პლასტმასის; ტექსტილის; ბამბის; სპანდექსისა და პოლიესტერის წარმოება წარმოადგენს. Indorama-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ინდოელი მილიარდერი შრი პრაკაშ ლოჰიაა, რომლის ქონებაც Forbes-ის მიერ $7.8 მილიარდადაა შეფასებული.  „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, აღნიშნული ინვესტიცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იქნება საქართველოში. მისი თქმით, კორპორაცია მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის ინვესტირებას გეგმავს საწარმოს მოდერნიზების, განვითარებისა და წარმოების გაფართოების მიმართულებით. რუსთავის „აზოტი“ 1956 წელს გაიხსნა. კომპანიის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, რუსთავის „აზოტი“ აწარმოებს მინერლურ სასუქებს, ამიაკს, ნატრიუმის ციანიდს, აზოტმჟავას, ამიაკის წყალსა და სხვა პროდუქტებს.  პროდუქცია, შიდა და მსოლიო ბაზრებზეც იყიდება.  2020 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალი 344 მილიონი ლარი იყო.  

300-400 მილიონი დოლარის ეფექტს ველოდებით ტურიზმის ნაწილში, რასაც შეიძლება, „ფრენების ეფექტი“ დავარქვათ - დავითაშვილი

დიპლომატიური ურთიერთობების კუთხით, ჩვენ ვართ ძალიან მკაფიოდ უკომპრომისოები, იმიტომ რომ ოკუპაცია ჩვენს ურთიერთობებში არის პრობლემა , - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ერთი მილიონი თანამემამულე გვყავს რუსეთში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმოსვლა გაადვილდეს - ირაკლი ღარიბაშვილი „რაც შეეხება იმას თუ რა შეიცვალა - 2008 წელს საქართველოს რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომი ჰქონდა. რუსეთის ოკუპაცია. რუსეთი ოკუპანტად რჩება და პოლიტიკურ ნაწილში, რა თქმა უნდა, რთულია, რომ ჩვენ დღეს განსხვავებულ სიტუაციაზე ვისაუბროთ. ეს სიტუაცია ჩვენთვის 2008 წლიდან ასეთია და არა 2019 წლიდან. ასე რომ ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურ ნაწილში, დიპლომატიური ურთიერთობების კუთხით, ჩვენ ვართ ძალიან მკაფიოდ უკომპრომისოები, იმიტომ, რომ ოკუპაცია ჩვენს ურთიერთობებში არის პრობლემა, რაც შეეხება კომერციულ ნაწილს, აქაც ვართ თანმიმდევრულები და ჩვენ ამაზე არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება“, -აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესრულებაზე უარის თქმა არაპრაგმატული იქნებოდა. „ჩვენც დაახლოებით 300-400 მილიონი დოლარის ეფექტს ველოდებით ტურიზმის ნაწილში, რასაც შეიძლება „ფრენების ეფექტი“ დავარქვათ. დაახლოებით, მილიარდამდე იყო 2019 წელს ტურიზმის შემოსავალი რუსეთის ფედერაციიდან. ჩვენ ვილაპარაკოთ ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ჩვენს მოტივებზე. მე არ შევალ, მით უმეტეს, პუტინის მოტივაციაში. როგორ უნდა გითხრათ ახლა მე. ეს ხომ არასერიოზული მსჯელობა იქნება ჩემი მხრიდან. ჩვენ თანმიმდევრული ვართ როგორც ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილებებში და ნაბიჯებში, ისე საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილში. ჩვენთვის მთავარ ამოცანად რჩება ევროკავშირში საბოლოო სრულყოფილი წევრობა, მათ შორის, ჩვენი წევრობის გზაზე ჩვენი სტატუსის პროგრესი და ამ კუთხით, მინდა გითხრათ, რომ მუშაობა ძალიან, ძალიან თავდადებით და მაღალი პროფესიონალიზმით მიდის. როცა ვსაუბრობთ ევროკავშირში წევრობაზე ეს დამოკიდებულებაშია უამრავი მოთხოვნის შესრულებასთან“, - განაცხადა დავითაშვილმა. ინფორმაციისთვის, 2020 წლის აღწერით, რუსეთში 114 ათასამდე ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს.  

ლევან დავითაშვილი: კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები გამოიკვეთა

კატარის ეკონომიკური ფორუმის პარალელურად, შეხვედრები შედგა რამდენიმე დარგობრივ სამინისტროსთან, სადაც გამოიკვეთა კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნებს შორის დაიდება მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების და ტექნოლოგიების კუთხით თანამშრომლობას კატარის სახელმწიფოსთან. „კატარის ეკონომიკური ფორუმის პარალელურად, შეხვედრები შედგა რამდენიმე დარგობრივ სამინისტროსთან, სადაც გამოიკვეთა კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები. კერძოდ, ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების და ტექნოლოგიების კუთხით თანამშრომლობას კატარის სახელმწიფოსთან. ასევე ჩვენ შევეხეთ ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროს და საქართველოს მნიშვნელობას შუა დერეფანში. განსაკუთრებით, გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილია მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მხრიდან და მათ შორის, კატარელი ინვესტორების მხრიდან. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებზე და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს გასულ წელს საქართველოსა და კატარს შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ გაფორმებული შეთანხმება. ეს ყველაფერი ქმნის ძალიან მნიშვნელოვან წინაპირობას, რომ ჩვენ კატარიდან საქართველოში დამატებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა შევძლოთ და ეს იყოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი საქართველოს ეკონომიკური ზრდის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა, რომლის კომენტარს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  

ანაკლიის პორტის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციი, ანაკლიის ნავსადგურის პროექტში კერძო პარნიორის შერჩევის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა სამთავრობო კომისიამ, რომლის მორიგი სხდომა 20 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა, დეტალურად განიხილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე კომპანიების დოკუმენტაცია და მიიღო გადაწყვეტილება მომდევნო ეტაპზე ორი პრეტენდენტის გადაყვანის შესახებ. სხდომის ფარგლებში შესაბამისი ოქმებიც გაფორმდა, რომლებსაც კომისიის წევრებმა, მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა მოაწერეს ხელი. როგორც კომისიის სხდომაზე ითქვა, კანდიდატების საკვალიფიკაციო შეფასების შედეგად, კვალიფიცირებულ კანდიდატებს მიეცემათ რამდენიმეთვიანი ვადა ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარმოსადგენად, რომელთა შეფასების შედეგად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს და ეკონომიკის სამინისტრო დაიწყებს მოლაპარაკებებს კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე. „სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის საკითხს. მას შემდეგ, რაც პროექტის თავდაპირველმა ინვესტორმა ვერ შეასრულა ვალდებულებები და საინვესტიციო ტერიტორია დაბრუნდა სახელმწიფოს მფლობელობაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ, ავტორიტეტული საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით განაახლა ანაკლიის პროექტისთვის ტვირთნაკადების პროგნოზები და ბიზნესმოდელი, ასევე უზრუნველყო ახალი მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და საჯარო-კერძო პარტნიორობის ოპტიმალური მოდელის შერჩევა. ყველა პროცედურა ჩატარდა მაღალი სტანდარტით, რის შემდეგაც, მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნდა განზრახულობის შესახებ განაცხადი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორის შესარჩევად. ამ პროცესის პარალელურად, სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც  დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცემა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი. მთავრობის გადაწყვეტილებით,  გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული ინვესტორი/კერძო პარტნიორი ინვესტიციას განახორციელებს ზემოთაღნიშნულ სახელმწიფო საწარმოსთან ერთობლივად შექმნილ კომპანიაში, რომელმაც უნდა განავითაროს ანაკლიის ნავსადგური. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივ კომპანიაში სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, საქართველოს ტერიტორიის გავლით ახალი ტვირთნაკადების მოზიდვას, პორტის მიმდებარედ წარმოებისა და ლოგისტიკური სერვისების განვითარებას და ა.შ. პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი, სახელმწიფო ასევე განიხილავს პორტის მიმდებარედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის საკითხს,“ - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.  

საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების საკონსულტაციო მომსახურებისთვის, კომპანიების შერჩევის პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავებისთვის, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით, საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების  შერჩევის პირველი ეტაპი დასრულდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ინტერესთა გამოხატვის პროცესში აშშ-ის, ევროპისა და აზიის მასშტაბით მოქმედი 19 წამყვანი საერთაშორისო კონსორციუმი მონაწილეობდა. კონსორციუმების შემადგენლობაში 56 ადგილობრივი და საერთაშორისო, მრავალდარგობრივი კომპანია იყო წარმოდგენილი. „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ განაცხადები აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა. მასზე დაყრდნობით საუკეთესო გამოცდილების დანიური, ბრიტანული, ფრანგული, ესპანური და გერმანული - 5 კონსორციუმი შეირჩა, რომელიც მომდევნო ეტაპზე სივრცის დაგეგმარების გეგმის საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზებას ერთი თვის ვადაში წარმოადგენენ. აღნიშნულ 5 კონსორციუმში სულ 18 საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიაა წარმოდგენილი. გამარჯვებულ კონსორციუმს, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ შემუშავებულ, ხარისხსა და ფასზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდით გამოავლენს,“ - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ნათია თურნავამ IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან განიხილა ფონდის პროგრამის შეჩერების საკითხი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე, ბო ლისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ინტენსიურად განაგრძობს მუშაობას დროებით შეჩერებული პროგრამის უმოკლეს პერიოდში აღსადგენად. ეროვნული ბანკის ცნობით, საუბრისას მხარეებმა გამოთქვეს ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი, რათა შესრულდეს არსებული რეკომენდაციები და სწრაფად მოხდეს სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის (Stand-by Arrangement (SBA)) აღდგენა და მიმოხილვის დასრულება. „შეგახსენებთ, რომ სსფ-თან ეროვნული ბანკი 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ის დადებითი განწყობა, რომელიც საქართველოს ცენტრალურ ბანკსა და სავალუტო ფონდს შორის წლების განმავლობაში არსებობს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მარაქეშში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (სსფ) და მსოფლიო ბანკის მიერ გამართულ ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს,“ - წერს ეროვნული ბანკი გავრცელებულ განცხადებაში. ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია  

გურამ გურამიშვილი: შუა დერეფანი და საქართველო ცენტრალური აზიისა და ევროპის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობებისთვის უსაფრთხო და სანდო ალტერნატივაა

„საზღვაო ტრანსპორტის გაციფრულება საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. საზღვაო და სანავსადგურე ციფრული სისტემები ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის, განსაკუთრებით, შუა დერეფნის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რომელიც უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება რეგიონული და საერთაშორისო ვაჭრობისთვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა ნავსადგურების გაერთიანების სისტემის (PCS) საიმპლემენტაციო ფაზის გახსნით შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს, როგორც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შუა დერეფნის მთავარი სატრანზიტო პუნქტის როლი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუდმივი და უწყვეტი ვაჭრობის უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შუა დერეფანი და საქართველო წარმოადგენს უსაფრთხო და სანდო ალტერნატივას ცენტრალური აზიისა და ევროპის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობებისთვის. „შესაბამისად, საქართველოს ნავსადგურების გამტარუნარიანობისა და შესაძლებლობების გაზრდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად ასათვისებლად, ხოლო აღნიშნულის მიღწევა თანამედროვე ციფრული სისტემებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია,“ - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა. „საქართველოს ლოგისტიკური და სატრანსპორტო განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. ამ მხრივ, განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო ამერიკის შეერთებული შტატებისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის (UK Good Governance Fund) როლი საქართველოში საზღვაო გაციფრულების პროცესში,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, საქართველო, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სივრცის ცენტრად გვევლინება, რომელსაც კავკასიისა და ცენტრალური აზიის მთავარ ლოგისტიკურ ჰაბად გადაქცევის პოტენციალი, მისი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე გააჩნია.ნავსადგურების გაერთიანების სისტემა (PCS) არის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ნავსადგურის მართვის სხვადასხვა სისტემას აკავშირებს და უზრუნველყოფს ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფ გაცვლას დაინტერესებულ მხარეებს შორის. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის დახმარებით და აშშ-ს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სანავსადგურო სექტორში ამჟამად მიმდინარეობს „საზღვაო ერთი ფანჯრის“ სისტემის დანერგვა, რომლის საპილოტე ვერსიის ამუშავება იგეგმება 2024 წლის 1-ელი იანვრიდან. „მისი დანერგვა მოახდენს გემების გაფორმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცედურების ჰარმონიზაციას და უფრო ეფექტურს გახდის გემის გაფორმების პროცესს. ნავსადგურის გაერთიანებული სისტემა გააუმჯობესებს სანავსადგურო და ლოგისტიკური პროცესების მართვას,“ - აცხადებენ ეკონომიკის სამინსტროში.  

მზის ყველაზე დიდი სიმძლავრის ელექტროსადგურს ქართული მხარე არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანიასთან ერთად ააშენებს

ეკონომიკის სამინისტროში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია „მასდარსა’’ და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს შორის ხელშეკრულება გაფორმდა ერთობლივი კომპანიის დაფუძნების შესახებ, რომელიც საქართველოში მზის ყველაზე დიდი სიმძლავრის ელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია „მასდარის“ დირექტორმა მოჰამედ ჯამეელ ალ რამაჰმა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ხელმოწერის დასრულების შემდეგ ,,მასდარის,, წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის პირველმა მოადგილემ,  რომეო მიქაუტაძემ. შეხვედრას და ხელმოწერის ცერემონიას ასევე ესწრებოდა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩის დროებით მოვალეობის შემსრულებელი მუნირა ალმარზოოქი. რომეო მიქაუტაძის განცხადებით, მზის ახალი ელექტროსადგური, რომლის მშენებლობაც გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება, შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და მოახდენს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას, ასევე ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიებისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას. მისივე თქმით,  უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საქართველოს მთავრობასთან მემორანდუმის გაფორმება და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განხორციელება. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატს, მთავრობის მხარდაჭერას განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით და მიმდინარე პროექტის პარალელურად, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის  პერსპექტივები. ,,მასდარის“ დირექტორის,  მოჰამედ ჯამეელ ალ რამაჰის შეფასებით, პროექტი, რომელსაც კომპანია საქართველოში პარტნიორებთან ერთად ახორციელებს, საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მაგალითია. „მასდარი“ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და მსხვილი კომპანიაა განახლებადი ენერგიის სექტორში. ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ რამდენად დიდი შესაძლებლობებია თქვენს ქვეყანაში. საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის თანამშრომლობა სტრატეგიული ხასიათისაა და უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, დღეს რეგიონში ყველაზე მასშტაბური მზის ენერგიის გამომუშავების პროექტის განხორციელების მიმართულებით ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით და რაც მთავარია, მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელების პერსპექტივას ვხედავთ,“- აღნიშნა ,,მასდარის“ დირექტორმა მოჰამედ ჯამეელ ალ რამაჰმა.  

თავდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებში საკადრო ცვლილებებია

მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შემდეგ საკადრო ცვლილებები ორ სამინისტროში - თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა სამინისტროებში განხორციელდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრის - ირაკლი ჩიქოვანის მოადგილე გიორგი ხაინდრავა სერგო ჯანელიძემ ჩაანაცვლა. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიცია დატოვეს ლელა ჩიქოვანმა და მოადგილემ - გიორგი ბუბუნაურმა. ირაკლი ჩიქოვანის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ - დავით სუჯაშვილი და გრიგოლ გიორგაძე. პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის - ლევან დავითაშვილის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ლევან დავითაშვილის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ: მარიამ ქვრივიშვილი, გენადი არველაძე, გურამ გურამიშვილი, ირაკლი ნადარეიშვილი და ვახტანგ ცინცაძე.  

2024 წელს იგეგმება რკინიგზის მოდერნიზაციის და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დასრულება - მინისტრის მოადგილე

„შუა დერეფნის მიმართ სულ უფრო მზარდია ინტერესი, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს მარშრუტის შემდგომი გაფართოებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვისათვის. გარდა სატრანზიტო ფუნქციისა, აღნიშნულ დერეფანს უაღრესად დიდი დატვირთვა გააჩნია დერეფნის გასწვრივ ეკონომიკური აქტივობის და რეგიონის ქვეყნების სავაჭრო ბრუნვის გაზრდის თვალსაზრისით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა მსოფლიო ბანკის კვლევის „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი - დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“ განხილვაზე, რომელშიც საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობების, ასევე ბიზნეს გაერთიანებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. გურამ გურამიშვილი გამოეხმაურა კვლევას, რომლის თანახმადაც, 2030 წლისთვის შესაძლებელია შუა დერეფანში ტვირთნაკადების გასამმაგება 11 მილიონ ტონამდე. მისი თქმით, ამისათვის საჭიროა კოორდინირებულად მოქმედება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. „2022 წელს ხელი მოეწერა შუა დერეფნის განვითარების შესახებ საგზაო რუკას, რომელიც მოიცავს კონკრეტულ ღონისძიებებს 2027 წლამდე პერიოდისთვის როგორც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე პროცესების ოპტიმიზაციის, დერეფნის გაციფროვნების, მიმზიდველი სატარიფო პოლიტიკის უზრუნველყოფის მიმართულებით. ამასთან, საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანის რკინიგზების მიერ შეიქმნა ერთობლივი საწარმო – Middle Corridor Multimodal, რომელიც ასევე შეუწყობს ხელს კოორდინაციის გაუმჯობესებას და ტვირთნაკადების მოზიდვას,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, საქართველოში ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებას და შუა დერეფნის მიმზიდველობის გაზრდას. როგორც გურამ გურამიშვილის აღნიშნა, 2024 წელს იგეგმება რკინიგზის მოდერნიზაციის და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დასრულება. ასევე მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. „შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია კასპიისა და შავ ზღვებზე შეუფერხებელი მიმოსვლა. დღეისათვის საქართველოს აქვს პირდაპირი საბორნე კავშირი ბულგარეთის და რუმინეთის ნავსადგურებთან, თუმცა ვმუშაობთ, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს აღნიშნული სატრანსპორტო კავშირები და სიხშირეები. ასევე მიმდინარეობს საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის დანერგვა, რომელიც 2024 წლიდან უკვე ამოქმედდა საპილოტე რეჟიმში. სისტემის მიზანია ნავსადგურებში გემების გაფორმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცედურების ჰარმონიზაცია და გამარტივება, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ნავსადგურების გავლით სატვირთო გადაზიდვების სისწრაფესა და მიმზიდველობას. პარალელურად მიმდინარეობს „ნავსადგურების გაერთიანების სისტემის” დანერგვაც,“ - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ როგორც მსოფლიო ბანკთან, ისე სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება მიღწეული შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და პოტენციალის რეალიზების კუთხით.